ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებებით:

ინსტიტუტის სტრუქტურაში შედის: ქართველური ენების კვლევის ჯგუფი, ქართული ენის სახელოსნო და აფხაზური ენის დოკუმენტირებისა და კვლევის ცენტრი, ჟესტური ენის ლაბორატორია.

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის კვლევითი მიმართულებები

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი ახორციელებს ინტერდისციპლინურ პროექტებს ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში. კვლევის ძირითადი სფეროებია:

კორპუსული ენათმეცნიერება: ქართული ენის კორპუსის პროექტებზე მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. დღემდე განხორციელდა და ინტერნეტსივრცეში განთავსდა ძველი, საშუალი და ახალი ქართულის ცალკეული ეტაპებისა, ჟანრების და კონკრეტული ძეგლების მონოლინგვური და პარალელური კორპუსები (იხ. www.corpora.iliauni.edu.ge). მიმდინარეობს ქართველური ენების კორპუსების მომზადებაზე მუშაობა, კერძოდ, იქმნება მეგრული ენის ანოტირებული კორპუსი. 

ბუნებრივი ენის მოდელირება: 2014 წელს შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორი სასრული პოზიციის ტექნოლოგიაზე (Beesley K.R., Kartunnen L. 2003, Koskenniemi, K. 1983 და ა.შ.) დაყრდნობით. მიმდინარეობს ქართული ენის სინტაქსურ ხეთა ბანკის შექმნა უნივერსალური დამოკიდებულებების (Nivre, J., de Marneffe, M.-C. et al. 2016) მიდგომების საფუძველზე და Udify (Kondratyuk, D. 2019) მოდელის შექმნა ქართულისათვის. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მორფოლოგიური ანალიზატორის ადაპტირებისთვის ძველი და საშუალი ქართულის ლინგვისტურ თავისებურებათა გათვალისწინებით.

კომპიუტერული ლექსიკოგრაფია: დამუშავდა კვლევის ამ მიმართულების ძირითადი ელემენტები, მომზადდა სამაგისტრო და საბაკალავრო კურსები ენისა და ტექნოლოგიების, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და ლექსიკოგრაფიის მიმართულებით. 2009-2010 წლებში მომზადდა ქართულ-ახალბერძნული იდიომური გამოთქმების სალექსიკონო მასალები. ამჟამად იქმნება იდიომური გამოთქმების მონოლინგვური და ორმიმართულებიანი ბილინგვური ლექსიკონი TLex ლექსიკოგრაფიული სისტემის გამოყენებით. სამომავლოდ, მონოლინგვურ კორპუსებზე დაყრდნობით შეიქნება ქართული ენის ლექსიკონები.

ქართული ჟესტური ენის კვლევა – 2011-2012 წლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო (USIAD, Save Children International, თბილისის ოფისი) საგრანტო პროექტების ფარგლებში, პირველად აღიწერა ქართული ჟესტური ენა და შეიქმნა პირველი ქართული დაქტილური ანბანი ყრუთა თემის უშუალო მონაწილეობით. 2012 წელს აღიწერა და გამოიცა ჟესტური ენის გრამატიკა, მომზადდა მეთოდური სახელმძღვანელოები სკოლის მასწავლებლებისთვის. 2013 წელს ინსტიტუტის ფარგლებში შეიქმნა ჟესტური ენის ლაბორატორია. შეიქმნა ჟესტური ენის ლექსიკონი. ქართული ჟესტური ენის ლაბორატორიის კვლევათა ფარგლებში გაგრძელდა მუშაობა პირველ ქართული დაქტილურ ანბანზე და შეიქმნა ლორმის ტაქტილური ანბანის პირველი ქართული ვერსია. 2019 წელს გამოიცა „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“ და ამჟამად მიმდინარეობის ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგიის კვლევები. გარდა ამისა, ქართული ჟესტური ენის ლაბორატორია ნაყოფიერად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ჟესტური ენების კვლევით ცენტრებთან. 

ქართველურ ენათა კვლევა და ელექტრონული დოკუმენტირება – ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტთან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების სახით ფუნქციონირებს ქართველური ენების კვლევითი ჯგუფი, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს არასამწერლობო ქართველური ენების დოკუმენტირებისა და ლინგვისტური აღწერის პროექტებზე. 2010 წელს ჯგუფმა გამოსცა „მეგრულის ლინგვისტური ანალიზი“, რომელშიც წარმოდგენილია მეგრულის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკოლოგიის კვლევის აქამდელი შედეგები, ასევე – ჯგუფის მიერ 2006-2009 წლებში სამეგრელოში განხორციელებული კვლევითი ექსპედიციების მონაცემთა ანალიზი. 2012 წელს, ამავე ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და გამოიცა თეორიული საფუძვლები მეგრული ტექსტების გლოსირებისთვის, გამოიცა ახლადჩაწერილი მეგრული ტექსტები ქართული ვერსიით; 2007-2011 წლებში მომზადდა ორი სამეცნიერო პროექტი: „სივრცე და დრო ქართველურ ენებში“ და „ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში (სტრუქტურული, სემანტიკური და პრაგმატული ასპექტები“ და 2021-2025 წლებში შეიქმნა მეგრული ენის ანოტირებული კორპუსი მეგრულ-ინგლისურ ონლაინ ლექსიკონთან ერთად.

ქართული ენის სოციალური ისტორიის კვლევა – ქართული ენის სოციალური ისტორიის სისტემური კვლევის მიზნით, 2006-2013 წლებში ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში ხორციელდებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების (Alexander von Humboldt-Stiftung, DFG, Akademie der Wissenschaften zu Goettingen) მიერ ინიცირებული კვლევითი პროექტები. დამუშავდა აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანული სამყაროს გვიანანტიკურობისა და შუა საუკუნეების ძირითადი კონცეფციები ერთი მხრივ, დომინანტი ენების ფუნქციებისა და, მეორე მხრივ, ადგილობრივი ხალხური ენების ემანსიპაციის შესახებ. დაიბეჭდა სამი მონოგრაფია უცხოურ და ქართულ ენებზე, ასევე – სტატიები საერთაშორისო და ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალებში.

ტექსტოლოგია, ძველი ქართული ფილოლოგია – ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში, ინსტიტუტის პროფესორთა მონაწილეობით 2006 წლიდან მზადდება და საერთაშორისო სამეცნიერო სერიებში (Corpus Christianorum: Series Graeca, Series Apocryphorum) იბეჭდება ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი თხზულებების ტექსტური მემკვიდრეობა, ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებსა სერიულ გამოცემებში ქვეყნდება ინსტიტუტის პროფესორთა მიერ მომზადებული პუბლიკაციები.

ქართულის როგორც უცხო ენისა და ქართულის როგორც მეორე ენის კვლევა – ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტთან ფუნქციონირებს ქართული ენის სახელოსნო, რომელიც იკვლევს ქართული ენის ფუნქციური გრამატიკის პრობლემატიკას და მუშაობს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის (საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობა, უცხოელები) ქართული ენის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების შექმნაზე. 2010-2013 წლებში მომზადდა ქართულის როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები, ძველი და ახალი ქართული ენის სასწავლო მასალების ელექტრონული პორტალი. ამჟამად მზადდება ქართულის როგორც უცხო ენის სახელმძღვანელო კომპლექტი.

ძებნა

Search

ძებნა

Search